უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ხომალდის „სერგეი კოტოვის“ განადგურებასთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლებლობებმა დაამტკიცა, რომ შავ ზღვაში რუსი ტერორისტებისთვის უსაფრთხო ნავსადგურები აღარ იქნება.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს, რომლებიც აღადგენენ უსაფრთხოებას და კონტროლს როგორც უკრაინის ცაზე, ასევე ჩვენს შავ ზღვაზე. უკრაინამ დაამტკიცა, რა შეგვიძლია ჩვენ, რა შეუძლია ჩვენს ძალას. ამას მოწმობს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა და ჩვენი ბიჭების შესაძლებლობები რუსეთის ფლოტთან შედარებით.
შავ ზღვაში რუსი ტერორისტებისთვის უსაფრთხო ნავსადგურები აღარ არის და არც იქნება. და მათთვის უსაფრთხო სივრცე არც ცაში იქნება - იმ პირობით, რომ ჩვენი უკრაინული ძალა საკმარისი იქნება. ეს ეხება როგორც პარტნიორების მიწოდებას, ასევე ჩვენს შიდა წარმოებას", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის დაზვერვამ 5 მარტს გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს რუსული საპატრულო ხომალდ "სერგეი კოტოვზე".
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რუსულ გემზე არიან დაღუპულები და დაშავებულები.