რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდ „სერგეი კოტოვზე“ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.
„არიან დაღუპულები და დაჭრილები. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეკიპაჟის ნაწილის ევაკუაცია მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ ათზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა მტერმა უახლოეს ნაპირზე. ანუ ევაკუაციის ოპერაცია მაინც ჩატარდა“, - განაცხადა მან.
უკრაინის დაზვერვამ დღეს გაავრცელა ცნობა, რომ 5 მარტის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს რუსული საპატრულო ხომალდ "სერგეი კოტოვზე".
თავდასხმის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.