საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემები გახდა. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ირაკლი კობახიძემ ამის მაგალითად "რესპუბლიკური საავადმყოფო" დაასახელა.
"ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში... არ შედიოდა ჩემს გეგმაში ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ დავინახე ხარვეზები... ეს, პრაქტიკულად, დღეს გადაწყვეტილი საკითხია", - უთხრა ჟურნალისტებს ზურაბ აზარაშვილის გადაყენების მიზეზზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, "არგუმენტებს სჭირდება მოსმენა და სჭირდება გათვალისწინება".
შეგახსენებთ, ზურაბ აზარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.