სალომე ზურაბიშვილმა კეთილი სურვილი გამოთქვა, რომ პრორუსი პატრიარქი არ გვჭირდება. ეს სურვილია, უფრო სადღეგრძელოდ შეიძლება ჩავთვალოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, პატრიარქის არჩევის საკითხი საპატრიარქო გადასაწყვეტია.
„პატრიარქი რომ მხცოვანია და ასაკშია, ყველამ ვიცით. საპატრიარქოს თავისი მართლგამგეობის შესახებ დამტკიცებული აქვს წესი და ყველაფერი იმის მიხედვით უნდა მოხდეს. კარგი არის ის, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეებში და არც საპატრიარქო ერევა საერო საქმეებში. მე ასე ვხედავ ამ საკითხს. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს უნდა გადაწყვიტოს იმ ორგანიზაციამ, საპატრიარქომ, ვინც ირჩევს პატრიარქს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.