იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქი და არა პრორუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ.
„ზოგიერთი საქართველოს ეკლესიას ხედავს, როგორც რუსეთის რბილ ძალას, რომ რუსეთი უფრო და უფრო მეტ გავლენას იძენს საქართველოს ეკლესიაში. პატრიარქი არის მოხუცი და არსებობს შიში, რომ როდესაც ის გარდაიცვლება, და ღმერთმა არ ქნას, ეს მალე მოხდეს, შესაძლოა, საქართველოს ეკლესიაში პრორუსული ტენდენცია იყოს, იმ ეკლესიაში, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს საქართველოს საზოგადოებაში“, – განაცხადა კითხვის ავტორმა.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით ძალიან კომპლექსური სიტუაციაა.
„ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის პატრიარქის სისუსტე. იმ პატრიარქისა, რომელმაც ეკლესიის გეზი ძალიან მტკიცედ შეინარუნა. ჩემი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ხელისუფლებასთან და მიდრეკილია, მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეკლესიაც მიჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. ვინაიდანაც მე გახლავართ ოპტიმისტი და მჯერა საქართველოს მედეგობის, ამიტომ იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესიაც შეძლებს, აირჩიოს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქი და არა პრორუსი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.