უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
ჯონ კირბის ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.
კირბის თქმით, ერთადერთი ამერიკელი სამხედრო პერსონალი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, არის საელჩოს თავდაცვის ატაშეს ოფისის ნაწილი.
მანამდე ანალოგიური განცახდება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა ედრიენ უოტსონმა გააკეთა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში საბრძოლველად“,- თქვა მან.
შეგხსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
"ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე. მაგრამ მომავალში ამ საკითხზე არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი," - განაცხადა მაკრონმა.
უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმაც.
მაკრონის განცხადების შემდეგ ჩეხეთმა, პოლონეთმა და შვედეთმა განაცხადეს, რომ უკრაინაში თავიანთი ჯარების გაგზავნის იდეას არ განიხილავენ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ თქვა, რომ ნატო უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავს.