საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განმარტა, რომ დასავლეთის ქვეყნების ჯარები, თუ თეორიულად გაიგზავნება უკრაინაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. იუწყება Reuters
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ პარიზმა უკრაინის მხარდასაჭერად ახალი ქმედებები უნდა განიხილოს.
„მათ უნდა დააკმაყოფილონ ძალიან სპეციფიკური საჭიროებები, ვგულისხმობ, კერძოდ, განაღმვა, კიბერთავდაცვა, იარაღის წარმოება უკრაინის ტერიტორიაზე. ზოგიერთი ასეთი ქმედება შეიძლება მოითხოვდეს ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებების საზღვრის გადაკვეთის გარეშე“. - თქვა სეჟურნემ.
"არაფერი გამორიცხული არ არის. ეს იყო და რჩება დღეს რესპუბლიკის პრეზიდენტის პოზიცია", - ხაზგასმით აღნიშნა სეჟურნემ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
"ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე. მაგრამ მომავალში ამ საკითხზე არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი," - განაცხადა მაკრონმა.
უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმაც.
მაკრონის განცხადების შემდეგ ჩეხეთმა, პოლონეთმა და შვედეთმა განაცხადეს, რომ უკრაინაში თავიანთი ჯარების გაგზავნის იდეას არ განიხილავენ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ თქვა, რომ ნატო უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავს.