აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი ეროვნულ ძეგლად გამოცხადდა. გადაწყვეტილების მიზანი სივრცის ისტორიული იერსახისა და არქიტექტურული მახასიათებლების დაცვაა.
განკარგულება 5 ნოემბერს გაფორმდა. ოვალურ კაბინეტთან ერთად, ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა გარე ოვალურ კაბინეტსა და კაბინეტის ოთახსაც.
თეთრი სახლის განმარტებით, დოკუმენტი შინაგან საქმეთა მდივანს ავალდებულებს, ეროვნული პარკების სამსახურთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს ძეგლის მართვის გეგმა. გეგმა ითვალისწინებს სივრცის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას და მნიშვნელოვანი ცვლილებების ან დემონტაჟის წინ მათი დოკუმენტირებისა და ალტერნატივების განხილვის აუცილებლობას.
ტრამპის განცხადებით, გადაწყვეტილება მომავალ პრეზიდენტებს ოვალური კაბინეტის არსებითად შეცვლის ან მისი სხვა ფორმით გადაკეთების საშუალება არ უნდა მისცეს. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ვინმე კაბინეტის ოვალური ფორმის შეცვლას, მაგალითად, კვადრატულად გადაკეთებას მოისურვებს, ამისთვის კონგრესის თანხმობა იქნება საჭირო.
თუმცა, როგორც Associated Press აღნიშნავს, ტექსტში კონგრესის თანხმობის სავალდებულო მოთხოვნა გაწერილი არ არის. დოკუმენტი მომავალ პრეზიდენტებს ავეჯის შეცვლის, ხელახალი დეკორაციისა და ჩვეულებრივი საოპერაციო თუ უსაფრთხოების ცვლილებების უფლებას უტოვებს. ამასთან, მომავალ პრეზიდენტს შეუძლია თავად განკარგულების გაუქმებაც.
აღსანიშნია, რომ ეს გადაწყვეტილება ტრამპის რესპუბლიკური პარტიისთვის კონგრესის შუალედურ არჩევნებში მარცხის შემდეგ გაფორმდა. არჩევნების შედეგად დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს.