საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ესტონეთის ეკონომიკური ურთიერთობებისა და კომუნიკაციების მინისტრმა იოჰან ფართსმა დღეს მთავრობის კანცელარიაში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას "საქართველოსა და ესტონეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ".
მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოსა და ესტონეთს შორის დღეს გაფორმებულ ხელშეკრულებას ისტორიული დოკუმენტი უწოდა და განაცხადა, რომ ამით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
"ესტონეთი ყოველთვის იყო და არის საქართველოს მეგობარი, მხარდამჭერი, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის, ისე ნატოში გაწევრიანების და სხვა საკითხების თვალსაზრისით. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანასა და ესტონეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, ესტონური ინვესტიციები საქართველოში ყოველწლიურად იზრდება.
დღეისთვის განხორციელებულია 32 მლნ დოლარის ინვესტიცია. ხელშეკრულება, კი, რომელიც დღეს გაფორმდა, ინვესტიციების კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. ესტონური მხარის ძირითადი ინტერესი საქართველოში არის ინფორმაციული ტექნოლოგიები და სოფლის მეურნეობის დარგი", _ განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
ესტონეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ესტონეთი და საქართველო არიან მეგობარი ქვეყნები, დღეს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კი, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
"ჩვენი ძირითადი ინტერესი საქართველოში არის ინფორმაციული ტექნოლოგიები, ასევე გვაინტერესებს სხვა სფეროებიც. დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და რუსთავის ინდუსტრიული ზონის განვითარებაზეც", _ განაცხადა იოჰან ფართსმა.
ესტონეთის დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დღეს დელეგაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მიიღო. დღესვე ესტონელი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები არიან, საქართველოს მთავრობის წევრებს შეხვდება. დელეგაცია საქართველოდან ხვალ გაემგზავრება