რუსეთის ხელისუფლება მოელის სომხეთთან შეთანხმებას გარანტიებთან დაავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ დააკავებენ ჰააგის ორდერის საფუძველზე. აცხადებს კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი "ინტერფაქსის" ცნობით.
ამ განცხადების ფონია სომხეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების, "რომის სტატუტის" რატიფიცირება.
ფაქტმა, რომ სომხეთი გახდა "რომის სტატუტის" მონაწილე და შესაბამისად ვალდებულია, ვიზიტის შემთხვევაში პუტინი დააკავოს "არ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორმხრივ ურთიერთობებზე".
"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან გარკვეული გარანტიების მიღება", - თქვა პესკოვმა.
მისი თქმით, საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში და კრემლი ამაზეა ფოკუსირებული.
ცოტა ხნით ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა The Daily Telegraph-თან ინტერვიუში უარი თქვა კონკრეტული პასუხის გაცემაზე, დააკავებდნენ თუ არა პუტინს სომხეთში ვიზიტის შემთხვევაში.
"ჩვენს ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი არ წყვეტს, ვინ დააკავონ და ვინ არა", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს საკითხი სასამართლო ხელისუფლების ექსკლუზიური კომპეტენციაა.