10 თებერვალს სამხრეთ კაროლინის შტატში მხარდამჭერბთან შეხვედრისას, შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც დიდი შანსი აქვს, კვლავ დაიკავოს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი, განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, "ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ დეპორტაციის ოპერაციას" წამოიწყებს.
ტრამპის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაასრულოს "ღია საზღვრების პოლიტიკა", რომელსაც ახორციელებს ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია.
ამავდროულად, ტრამპმა სენატში მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტის ჩავარდნას დიდი გამარჯვება უწოდა. მისი თქმით, ეს იყო "ბაიდენის ღია საზღვრების კანონპროექტი".
ეს ორპარტიული შეთანხმება, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავდა, ასევე ითვალისწინებდა დამატებით დაფინანსებას აშშ-ის სამხრეთ საზღვრის გასამაგრებლად, თუმცა რესპუბლიკელებმა არასაკმარისად მიიჩნიეს მექსიკასთან საზღვრის გაძლიერების ზომები და არ დაუჭირეს მხარი კანონპროექტს.
8 თებერვალს სენატში პროცედურული კენჭისყრით მხარი დაუჭირეს ახალ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებას მოიცავს. ამ კანონპროექტში აღარ არის გათვალისწინებული დამატებითი სახსრები საიმიგრაციო პოლიტიკის გასამკაცრებლად.
თუმცა, კანონპროექტის დასამტკიცებლად სენატში კიდევ უნდა გაიმართოს საბოლოო არსებითი კენჭისყრა, შემდეგ კი მხარი დაუჭიროს წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ.