შეერთებული შტატების სენატში ჩავარდა ორპარტიული კანონპროეტი, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერას და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი რესპუბლიკელ და დემოკრატ სენატორებს შორის შეთანხმებული იყო, 7 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე, მან ვერ მიიღო საჭირო 60 ხმა.
რესპუბლიკელებმა უარი თქვეს კანონპროექტის მხარდაჭერაზე იმ მოტივით, რომ იგი არ ითვალისწინებდა საკმარის ზომებს მექსიკასთან საზღვრის გასაძლიერებლად.
მოსალოდნელია, რომ სენატში მორიგი კენჭრისყრა გაიმართება კანონპროექტისა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისა და ისრაელის გადაუდებელ დაფინანსებას, თუმცა მასში არ შევა საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრების საკითხი.
ეს უკანასკნელი პაკეტი მოიცავს 96 მილიარდი დოლარის სამხედრო დაფინანსების გამოყოფას.
თუმცა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების მომავალი კვლავ ბუნდოვანია, რადგან სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, იგი წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაამტკიცოს, სადაც მანდატების უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ. პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებენ ასეთი შეთანხმების მხარდაჭერას.
ამ თემების ირგვლივ გასული წლის შემოდგომიდან ცდილობს კონგრესი შეთანხმებას, რომელსაც მეტადრე რესპუბლიკელები აფერხებდნენ, რადგან უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის სანაცვლოდ მოითხოვნენ აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას.
ფინანსური პაკეტი ჯაში 118 მილიარდ დოლარს ითვალისწინებდა. 60 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად, 14.1 მილიარდი ისრაელისთვის, 20.23 მილიარდი დოლარი კი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საიმიგრაციო პოლიტიკის გასამკაცრებლად.