უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 თებერვლის ღამეს ხარკოვზე რუსეთის ძალების თავდასხმას გამოეხმაურა.
"რეალობა ყოველთვის უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. გასულ ღამეს ხარკოვში შაჰედების თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძრის გამო მთელი ოჯახი დაიღუპა: მშობლები და სამი შვილი. უფროსი ვაჟი ოლექსი 7 წლის, შუათანა მიხაილო 4 წლის, ყველაზე პატარა - პავლო 7 თვის იყო. ბავშვები, რომლებმაც სიცოცხლის ნახვა ვერ მოასწრეს, ისინი რუსული უგუნურების გამო მოკლეს, დაიღუპა კიდევ ერთი ოჯახი - ცოლ-ქმარი. ვუსამძიმრებ ყველა ნათესავს და ახლობელს...
ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ჩართულია ყველა საჭირო სამსახური, თითოეულ დაშავებულს გაუწევენ საჭირო დახმარებას...
ტერორი არ შეიძლება დარჩეს სამართლიანი რეაგირების გარეშე. ტერორისტებმა უნდა წააგონ ეს ომი, რომელიც მათ დაიწყეს. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ყველა განადგურებული სიცოცხლისთვის. მხოლოდ ასე გახდება ყველასთვის უსაფრთხოება რეალობის ნაწილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ხარკოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ზელენსკიმ თქვა, რომ გადაარჩინეს ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
10 თებერვლის ღამეს რუსები „შაჰედებით“ ხარკოვს თავს დაესხნენ. დარტყმის შედეგად დაიღვარა საწვავი და 14 კერძო საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
ერათ-ერთ სახლში გაჩენილ ხანძარს 5-სულიანი ოჯახი შეეწირა: ცოლ-ქმარი და მათი სამი შვილი.
რუსეთის იერიშს გასულ ღამეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.