უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და "ოქროს ვარსკვლავის" ორდენით დააჯილდოვა.
"მიენიჭოს გმირის წოდება ვალერი ზალუჟნის უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავი სამსახურისთვისა და განსაკუთრებული პირადი მიღწევებისთვის", - ნათქვამია გამოქვეყნებულ განკარგულებაში.
გარდა ამისა, გმირის წოდება მიენიჭა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ კირილ ბუდანოვს.
ბუდანოვს გმირის წოდება უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისთვის მიენიჭა. ასევე, უკრაინელი ხალხის მიმართ თავგანწირული სამსახურისთვის.
8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გადააყენა. ზალუჟნის შეცვლელად სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდ სირსკი დაინიშნა.