უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარსარდალი გადააყენა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტელეგრამის არხზე ხუთშაბათს, 8 თებერვალს განაცხადა.
ვალერი ზალუჟნის ნაცვლად პოსტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ოლექსანდრ სირსკი დაიკავებს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ზალუჟნის გაწეული სამსახურისთვის.
"განვიხილეთ, რა სახის განახლება სჭირდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. განვიხილეთ ასევე, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში. ასეთი განახლების დრო სწორედ ახლაა", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ტელეგრამ გვერდზე.
შეგახსენებთ, ბოლო ხანებია, დასავლური მედია წერდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავდა ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენებას.
ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 2021 წელს გახდა. 2023 წლის შემოდგომაზე მედიაში გაჩნდა ინფორმაცია მასსა და ზელენსკის შორის კონფლიქტის შესახებ. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მთავარსარდალმა The Economist-ს განუცხადა, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა. პრეზიდენტი საჯაროდ არ დაეთანხმა ამ კომენტარს და შეწყვიტა უშუალო კომუნიკაცია მთავარსარდალთან.
პრეზიდენტსა და არმიის მეთაურს შორის წინააღმდეგობები წარმოიშვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, ამბობს ზელენსკის ოფიციალური ბიოგრაფი, Time-ის ჟურნალისტი საიმონ შუსტერი. კერძოდ, ზალუჟნი მხარს უჭერდა საყოველთაო მობილიზაციას და რუსეთთან საზღვრების გაძლიერებას, ხოლო ზელენსკი შიშობდა, რომ ასეთი ზომები საზოგადოებაში პანიკას გამოიწვევდა.