უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ რუსულ თვითმფრინავ ილ-76-ში უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ იყვნენ, როგორც რუსეთი ამტკიცებს.
"იყვნენ თუ არა იქ ჩვენი ტყვეები? დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ – არა. [...] ეს რომ მომხდარიყო, დამიჯერეთ, ისინი აუცილებლად ისარგებლებდნენ ბიოლოგიური მასალით, დაღუპულთა რაოდენობით, აუცილებლად გამოიყენებდნენ ამას, აუცილებლად გადაიღებდნენ და ის მინდორი იქნებოდა სისხლისგან წითელი", – განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების ამბავი რუსეთმა წინასწარ მოამზადა, რათა საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის დისკრედიტაცია მოეხდინა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კიევს ამჟამად არ აქვს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, ცოცხლები არიან თუ არა ტყვეები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების ცნობით, იმყოფებოდნენ ილ-76-ზე.
"ეს ძალიან რთული და მგრძნობიარე საკითხია. ჩვენ ახლა არ გვაქვს რამე პასუხი. შემიძლია მხოლოდ დიდი ალბათობით ვთქვა, რომ ისინი იქ არ ყოფილან", – განაცხადა დანილოვმა.
გარდა ამისა, დანილოვი გამოვიდა მოწოდებით, რომ არ უნდა იყოს განცხადებები "კატეგორიული" იმასთან დაკავშირებით, თითქოს თვითმფრინავი უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თვითმფრინავი ილ-76 უკრაინამ Patriot-ის სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდო.
რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 24 იანვარს ბელგოროდის რაიონში, სოფელ იაბლონოვოს მიდამოებში ჩამოვარდა.
მოსკოვის მტკიცებით, ავიაკატასტროფას 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომელიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ და ეკიპაჟის 9 წევრი შეეწირა.
25 იანვარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.