8 თებერვალს რუსეთის ტყვეობიდან უკრაინამ 100 სამხედრო ტყვე დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ეს იყო უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა რიგით 51-ე გაცვლა.
"კიდევ 100 უკრაინელი არის სახლში, უკრაინაში. ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები, უკრაინის შეიარაღებული ძალები. უმრავლესობა მარიუპოლის დამცველია", - აღნიშნა მან.
გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი 62 წლისაა, უმცროსი კი 20-ის.
ყველა გათავისუფლებული რიგითი ან სერჟანტია. მათ შორის, 84 ჯარისკაცი იცავდა მარიუპოლს (აქედან 82 "აზოვსტალის" დამცველია), დანარჩენები ასრულებდნენ საბრძოლო მისიებს დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით.
მთლიანობაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ტყვეობიდან 3135 უკრაინელი გათავისუფლდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობისა და დახმარების წყალობით მოხდა.