დიდი ქართველი მოღვაწის, მწერალისა და მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის, დაბადებიდან 170 წელი გავიდა.
ივანე მაჩაბელი 1854 წელს დაიბადა სამაჩაბლოში, სოფელ თამარაშენში, გაღატაკებული მემამულის, გიორგი მაჩაბლის ოჯახში. მისი ბაბუა, სვიმონ მაჩაბელი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე იყო.
ისწავლა თბილისის გიმნაზიაში, პეტერბურგისა და სორბონის უნივერსიტეტებში, ოპენჰაიმის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში.
1873 წელს სწორედ პეტერბურგში შეხვდა ბანკის საქმეებზე ჩასულ ილია ჭავჭავაძეს. იქ ერთად დაიწყეს "მეფე ლირის" თარგმნა. შემდეგ სამშობლოში ერთად იღვაწეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადებაში, "ივერიის" რედაქციაში, საადგილმამულო ბანკში...
საქართველოს დიდი მეგობარი ოლივერ უორდროპი აღტაცებული წერდა: "ი. მაჩაბელი, მართალია, 30 წლისაა მხოლოდ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძის შემდეგ ერთადერთია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს თავის თანამემამულეებში".
ივანე მაჩაბლის სახელი უკვდავყო მისმა ბრწყინვალედ თარგმნილმა შექსპირის პიესებმა: "ჰამლეტი", "ოტელო", "მაკბეტი", "რიჩარდ მესამე", "იულიუს კეისარი", "ანტონიუსი და კლეოპატრა", "კორიოლანოსი".
ამ თარგმანებით, ილიასთან ერთად, იგი ახალი ქართული სალიტერატურო ენის ფუძემდებლად იქცა.
1883 წელს ივანე მაჩაბელი გაზეთ"დროების" რედაქტორი ხდება. მაგრამ 1885 წლის სექტემბერში, გაზეთი დაიხურა მთავრობის მიერ, მეფის ხელისუფლების საწინააღმდეგო წერილების სისტემატურად ბეჭდვის გამო.
1898 წლის 26 ივნისს თბილისში ხმა დაირხა, რომ ივანე მაჩაბელი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია დასახელდა, თუმცა არცერთი მათგანი მიიჩნევა სარწმუნოდ.
მთაწმინდაზე ივანე მაჩაბლის პირობითი საფლავია მოწყობილი. მასში ინახება ნეკნის ძვალი, რომელიც გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე, პლევრიტით დაავადებულ მაჩაბელს, ოპერაციისას ამოუღეს.