აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა წარმომადგენელთა პალატის წევრ რესპუბლიკელებს, მხარი დაუჭირონ ჯეფრი ეპშტეინთაბ დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებას, - რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიციის ცვლილებას ნიშნავს. ამის შესახებ CNN იუწყება.
ტრამპის მოწიდება გაჟღერდა იმ ფონზე, როდესაც ტრამპის გარდაცვლილ მილიარდერთან კავშირების შესახებ მზარდი სპეკულაციები ვრცელდება.
„წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა უნდა მისცენ ხმა ეპშტეინის ფაილების გასაჯაროებას - რადგან ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და დროა, თავი დავანებოთ ამ დემოკრატების თაღლითობას, რომელიც რადიკალური მემარცხენე შეშლილების მიერ არის შექმნილი, რათა ყურადღება გადაიტანონ რესპუბლიკური პარტიის მიერ დიდი მიღწევებიდან, მათ შორის დემოკრატების მიერ ინსპირირებულ ‘შათდაუნზე’ ჩვენი ბოლოდროინდელი გამარჯვებიდან“, - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
მანამდე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ამ კვირაში კენჭისყრის უფლება მისცა გარდაცვლილი მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის ფაილების გასაჯაროებას, რომელიც პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვისთვის იყო დაპატიმრებული.
ტრამპი და ეპშტეინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა, ტრამპის თქმით, 2000-იანი წლების შუა პერიოდში მათ შორის დაპირისპირება მოხდა.
ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. ეპშტეინი ციხეში გარდაიცვალა, ოფიციალური ინფორმაციით, მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს ასევე ეპშტეინის პარტნიორი ქალი გილეინ მაქსველი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.