საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის "ორბი ჯგუფის" მიერ ბახმაროში დაგეგმილი მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"ბახმაროში დაგეგმილი მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობის შესახებ გვსურს, გამოვეხმაუროთ კურორტ ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ მიერ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რაც უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისა და ავთენტური გარემოსთვის.
ჩოხატაურის მერი, დათო შარაშიძე Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას ბახმაროში ორბი ჯგუფის ახალი პროექტის მშენებლობის შესახებ:
"ბახმაროს ახალი სიცოცხლე, მომავლის ბახმარო. ორბი ჯგუფი ბახმაროში მშენებლობას იწყებს" - წერს ჩოხატაურის მერი და პროექტის ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, ბახმაროში „ორბი ჯგუფმა“ მრავალფუნქციურ კომპლექსში აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო. აღმაშფოთებელია ხელისუფლების მიერ მშენებლობაზე ნებართვის გაცემა, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს თანხმობას ამ უნიკალური ბუნების ძეგლის იერსახის დამახინჯებასა და ეკოლოგიის განადგურებაზე. მსგავს ეკოლოგიურ კურორტებზე ამ მასშტაბის მშენებლობები დაუშვებელია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ბოლო ათი წლის განმავლობაში არ გადადგმულა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბახმაროს, როგორც კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის კუთხით.ბახმაროზე ყოველთვის ზრუნავდა ადგილობრივი მოსახლეობა და კურორტზე უზომოდ შეყვარებული ტურისტები.
იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი მშენებლობა არ შეჩერდება, „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრები დაუყოვნებლივ გააპროტესტებენ ამ ფაქტს ადგილზე. გარდა ამისა, მოვუწოდებთ ეკოლოგიისა და კულტურის საკითხებზე მომუშავე ყველა ორგანიზაციას და აქტივისტს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. აუცილებელია, დროულად დაისახოს სამოქმედო გეგმა, რათა გადავარჩინოთ ეს უნიკალური კურორტი და მისი მდიდარი ბიომრავალფეროვნება.
მოვუწოდებთ გარემოს დაცვის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ამ ფაქტის მიმართ და შეაჩერონ ბიზნეს აქტივობა, რომელიც უნიკალური ბუნების ძეგლის განადგურებას გეგმავს!"- ნათქვამია განცხადებაში.
ფოტო: გიორგი ნიკოლავა