თბილისის საკრებულოში პარტია "საქართველოს გზის" წარმომადგენელი და ფრაქცია "დედაქალქის" წევრი ნათელა მაჭავარიანი დასუფთავების გადასახადის გაორმაგებას აპროტესტებს.
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, ხელისუფლება ცდილობს ბიუჯეტი მოსახლეობაზე განხორციელებული ფინანსური რეკეტით შეავსოს. ბოლო 2 თვის განმავლობაში დასუფთავების მოსაკრებელთან ერთად გაიზარდა წყლის და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადები, უმუშევართა და სოციალურად დაუცველთა რიცხვი კი ქვეყანაში საგანგაშო ნიშნულს უტოლდება.
პროექტ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" დაფინანსება 11 მილიონ 526 ათასი ლარით იზრდება. ნათელა მაჭავარიანი თბილისის ხელისუფლებას თანხის მიზნობრივად ხარჯვისკენ მოუწოდებს, მისი განცხადებით უკეთესი იქნებოდა, თუ აღნიშნული თანხა სოციალურად დაუცველ ადამიანებს მოხმარდებოდათ, ვინაიდან გაზრდილი გადასახადები თუ ვინმეს უსპობს არსებობის საშუალებას, პირველ რიგში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.