"ქართული პარტიის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 27 დეკემბერს ჟურნალისტებს და საზოგადოებას პარტიის ახალი სახე, სოფიო ხორგუანი წარუდგინა.
"ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც ვიცავდით ადამიანის უფლებებს და ავაშენეთ ძალიან ძლიერი, ეფექტური უფლებადამცველი ინსტიტუტი, რომელსაც კარგად იცნობენ არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში. სოფიო ხორგუანი იყო და რჩება ყველა დაჩაგრული და უფლებაშელახული ადამიანის დამცველად", - აღნიშნა სუბარმა.
მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში დიქტატურა და ავტოკრატიული რეჟიმია გამეფებული, რეალური ცვლილებების გზა პოლიტიკურ საქმიანობაზე გადის და პოლიტიკურ სარბიელზე მისი და სოფიო ხორგუანის გადასვლა სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა.
თავად სოფიო ხორგუანის განცხადებით, "ქართულ პარტიაში" გადასვლის გადაწყვეტილება მან სუბარის ძმის სასამართლო პროცესის დროს მიიღო.
"ეს არის პროტესტი იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ახორციელებს. ამავე დროს, ეს ნაბიჯი არის პროტესტი იმ კამპანიის მიმართაც, რომელიც ბოლო დროს "ქართული პარტიის" წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს", - აღნიშნა ხორგუანმა.
ხორგუანმა მადლობა გადაუხადა "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებს ორი წლის განმავლობაში ერთობლივი პარტიული საქმიანობისთვის.