საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის აზრით, რუსეთს ეუთოში აბსოლუტურ იზოლაციაში მუშაობის გაგრძელება გაუჭირდება.
"ეუთოში მოქმედებს კონსენსუსის წესი, ამიტომ ერთ სახელმწიფოს შეუძლია დაბლოკოს დანარჩენი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული სიტუაცია დიდხანს გაგრძელება. ძალიან ძნელია რუსეთისთვის მარტო, აბსოლუტურ იზოლაციაში ეუთოში მუშაობის გაგრძელება. გაზზე და ნავთობზე ეს ქვეყანა დიდხანს ვეღარ იარსებებს. რუსეთს უფრო მეტად სჭირდება პოლიტიკური დასავლეთი, ვიდრე პოლიტიკურ დასავლეთს რუსეთი", - განმარტა ვაშაძემ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მისი განმარტებით, რუსეთს იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ქვეყანაში არსებობს, დასავლეთთან კონფრონტაციით გაუჭირდება.
"ქვეყანას, სადაც ვერ იჭრება ნორმალური სახელმწიფოს აშენების პრობლემა, სადაც ძალიან მწვავედ დგას წარმოების პრობლემა, სადაც არაფერს აწარმოებენ და სადაც 40 % აქვს მსოფლიოში საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო მიწები, მაგარამ ამავე დროს, სურსათის 75 % იმპორტირებულია, დასავლეთთან კონფრონტაციით მათი გადაჭრა გაუჭირდება. მოთმინებაა საჭირო და ადრე თუ გვიან - უფრო ადრე, ვიდრე გვიან, მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვსურს. 1989 წელს ერთი ადამიანი არ იყო დედამიწის ზურგზე, რომელსაც სჯეროდა, რომ რუსები გაიყვანდნენ თავის ჯარს ავღანეთიდან, არ ვლაპარაკობ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაზე. ბალტია კი საერთოდ არავის არ დაესიზმრებოდა. ისტორიულ პროცესს თავისი ლოგიკა აქვს", - განმარტა მან.
მინისტრის შეფასებით, ეუთო, ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც რუსეთის გამო ვერ ვიყენებთ.
"ამ პროცესში რუსეთის მარტო ყოფნა ყველასთვის ძნელია", - დასძინა მან.