ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის გამო, თანამდებობის დატოვებას ვადაზე ადრე აპირებდა, ამბობს, რომ გადაწყვეტილება შეცვალა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
შარლ მიშელმა თავისი გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში განმარტა. მისი თქმით, ის რჩება ევროპის გულმხურვალე დამცველი და მთელ ძალისხმევას მიუძღვნის ამჟამინდელ მოვალეობას.
"...მე აღარ ვიქნები ევროპული არჩევნების კანდიდატი. ჩემს მთელს ძალისხმევას მივუძღვნი ჩემს ამჟამინდელ მოვალეობებს, გაუტეხელი მონდომებით. მე ყოველთვის ვიქნები ევროპის გულმხურვალე ადვოკატი, რომელიც არის დემოკრატიული, ძლიერი, გაერთიანებული და მისი ბედის მთავარი განმსაზღვრელი. ჩემი სამომავლო გეგმებს ამ მანდატის დასრულების შემდეგ განვიხილავ", - წერს მიშელი.
იანვრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებდა, რათა მონაწილეობა მიეღო ევროპარლამენტის არჩევნებში, ბელგიის "რეფორმისტული მოძრაობის" სახელით.
შარლ მიშელის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ევროკავშირის სხვა ლიდერებისთვის, რის გამოც ის კრიტიკის ობიექტი გახდა. კრიტიკა კიდევ უფრო გაამძაფრა იმ შესაძლებლობამ, რომ მისი გადადგომის შემდეგ, ევროპულ საბჭოს დროებით უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებდა.