გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ), რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა, ისრაელს არ უბრძანა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა დაავალა, ყველა ღონე იხმაროს რეგიონში გენოციდის თავიდან ასარიდებლად.
სასამართლომ გამოსცა დროებითი ზომები, რომლითაც ისრაელს დაევალა:
მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს გენოციდად;
უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ გენოციდის აქტებს;
უნდა აღკვეთოს და რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ საჯარო განცხადებაზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ღაზაში გენოციდის აქტის ჩადენის წაქეზებად;
უნდა მიიღოს ზომები ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
უნდა აღკვეთოს ნებისმიერი მტკიცებულების განადგურება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გენოციდის საქმეში;
სასამართლოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ბრძანების გამოცემიდან ერთი თვის განმავლობაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ მას აქვს იურისდიქცია საქმის განსახილველად და უარყო ისრაელის მოთხოვნა საქმის განხილვის შეწყვეტის შესახებ.
გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა ჯოან დონოგმა წაიკითხა.
ამჟამად, სასამართლო არ განიხილავს არსებითად გენოციდის ბრალდებებს. პირველ ეტაპზე განიხილება საგანგებო ზომების მიღების საკითხი, ვიდრე სასამართლო სრულად შეისწავლის საქმეს და საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ წარადგინა. სამხრეთ აფრიკის მტკიცებით, ისრაელი ღაზას სექტორში პალესტინელთა გენოციდს ახორციელებს. ამასთან, სამხრეთ აფრიკა მოითხოვდა, სასამართლოს მიეღო დროებითი ღონისძიება და ისრაელისთვის ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ებრძანებინა.
ისრაელი აბსურდულს უწოდებს სამხრეთ აფრიკის ბრალდებებს გენოციდთან დაკავშირებით. ისრაელი აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს ღაზაში სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად.