"ქართული პარტიის" გენერალურ მდივანს, გოკა გუნცაძეს, პარლამენტის ექს-თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებები "სასოწარკვეთილი ქალის წყევლას" აგონებს. გუნცაძის შეფასებით, ბურჯანაძის წყევლას ლევან გაჩეჩილაძემ საკადრისი პასუხი უკვე გასცა.
"ქართული პარტიის" სახელით გენერალურმა მდივანმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა, რომ თავის დროზე იმ ადამიანებს გადაეფარნენ, რომლებსაც ბევრი დანაშაული და უზნეობა ჰქონდათ ჩადენილი.
"გადავეფარეთ იმისთვის, რომ მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უფრო დიდი ბოროტებაა და რჩება ასეთ ბოროტებად, ვიდრე ეს ადამიანები", - განაცხადა გუნცაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მეტ კომენტარს პარტიის წარმომადგენლები აღარ გააკეთებენ.
შეგახსენებთ: "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "აქცენტებში" აღნიშნა, რომ საზოგადოება "ქართულ პარტიას" და ლევან გაჩეჩილაძეს არ უნდა ენდოს, რადგან სააკაშვილმა ხელისუფლება ოპოზიციასთან გარიგებით შეინარჩუნა და ახლაც იმით ინარჩუნებს, რომ გარკვეულ დასაყრდენს პოულობს ოპოზიციაში.