მომავალ წელს საქართველო საკუთარ დიპლომატიურ წარმომადგენლობას მინიმუმ სამ ქვეყანაში გახსნის.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიმდინარე წლის შედეგების შეფასებისა და 2011-ის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.
"მომავალ წელს მინიმუმ სამ საელჩოს გავხსნით. ერთ-ერთი სამხრეთ აფრიკაში იქნება. დანარჩენ ორს მოგვიანებით გეტყვით", - განმარტა ვაშაძემ.
რაც შეეხება ამ კუთხით მიმდინარე წლის სამუშაოებს, ქვეყნის მთავარი დიპლომატის თქმით, საქართველომ საკუთარი საელჩოები სამ ქვეყანაში (ბრაზილია, მექსიკა, პორტუგალია) გახსნა, რამდენიმე სახელმწიფოში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას კი "გადაფარვის მისია" გაუფართოვა.
"ირანში საქართველოს საელჩო უკვე ფარავს პაკისტანს, ესპანეთში ჩვენი წარმომადგენლობა გადაფარავს - ანდორას, დანიაში არსებული საელჩო - ისლანდიას, იაპონიაში ჩვენი საელჩო - სამხრეთ კორეას, საბერძნეთიდან გადაიფარება სერბეთი, უნგრეთში საქართველოს საელჩო უკვე ფარავს ხორვატიას და მონტენეგროს, ვატიკანში არსებული ჩვენი მისია კი ფარავს მალტას", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, მისივე თქმით,, მიმდინარე წელს შეიქმნა უკვე არსებული საელჩოების ე.წ. სექციები ფინეთში, ირლანდიაში, სლოვენიასა და მოლდოვაში, სადაც საქართველოს დროებითი საქმეთა რწმუნებულები ეყოლება.
"ჩვენ მუდმივად გვეყოლება თუნდაც ერთი დიპლომატი ევროპის იმ ქვეყნებში, რომელშიც სრულმასშტაბიანი საელჩო არ გვაქვს", - აღნიშნა მინისტრმა.
გარდა ამისა, ვაშაძის განმარტებით, ჟენევაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი შვეიცარიაში ელჩის თანამდებობასაც შეითავსებს.