საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სხვა გზა არ აქვთ და სჯერა, რომ ყველა საკითხი შეთანხმებულად უნდა გადაწყდეს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ტელეარხ "ANშ"-ისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"მიმაჩნია, რომ ჩემი ხედვა ჯერ კიდევ გაეროში სიტყვით გამოსვლისას ჩამოიყალიბდა. ეს გაერთიანებული და მშვიდობიანი კავკასიის იდეაა, რომელიც ხალხთა ურთიერთპატივისცემაზეა და დამყარებული და მიმაჩნია, რომ ჩვენს არც ერთ ქვეყანას სხვა გზა არ აქვს. ჩვენ ან ერთმანეთთან უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხები ან ცალ-ცალკე პრობლემები გვექნება. მგონი ჩვენ დავრწმუნდით ამაში ჩვენი თანამშრომლობის მაგალითზე - როცა ჩვენ ერთმანეთს ვშველით და ერთმანეთს გვერდით ვუდგევართ ძალიან ძნელია ჩვენი გახლეჩა. თუმცა ძალიან ადვილია ჩვენი განადგურება ცალ-ცალკე", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და დასძენს, რომ - "მეორეს მხრიდან, როგორც კი ჩვენ ვიწყებთ ერთმანეთთან ბრძოლას ჩვენ ვხდებით ადვილი ნადავლი დიდი მოთამაშეებისათვის. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითგადარჩენის საკითხი, იმისათვის, რომ კავკასიაში იყოს მშვიდობა და ყველაფერი ურთიერთპატივისცემაზე იყოს დამყარებული".
"ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენ ჩვენი წინააღმდეგობებით მივცეთ საფუძველი იმპერიულ ძალებს ჩვენით მანიპულირება მოახდინონ. ეს არავის ინტერესებში არ არის. ჩვენ უნდა დავჯდეთ და გადავწყვიტოთ ყველა ეს საკითხი, ავიღოთ სიმამაცე და ისინი გადავწყვითოთ და არა ვინმეს ვუყუროთ", _ აცხადებს სააკაშვილი.
ამას გარდა¸საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ხელჩაკიდებულები არიან და ერთმანეთის შესახებ არ ავიწყდებათ.
"მიმაჩნია, რომ მალე მივალთ აქამდე. რა თქმა უნდა ეს რთული პროცესია და მიმაჩნია, რომ ჩვენ, საქართველო და აზერბაიჯანი შესანიშნავ მაგალითს ვიძლევით იმისა, რომ მიუხედავად ყველაფრისა სოლიდური სწორხაზოვანი ურთიერთობების შენარჩუნებას ვცდილობთ. ვცდილობთ ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ და არ დაგვავიწყდეს ერთმანეთის შესახებ. ხელისჩაკიდება კი სითბოა, თან როდესაც ამას ეჩვევი ეს ძალიან კომფორტულია", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.