მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის რიჩარდ ჰოლბრუკის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით ეხმაურება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობიდან აცნობეს, "თავისუფალი საქართველო" მხარს უჭერს საქართველოს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებთან, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პარტნიორობა უნდა იყოს თანასწორუფლებიანი და დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებული.
"ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიც არის ამერიკელი მოღვაწეების სახელების დარქმევა თბილისის ქუჩებისთვის, წარმოადგენს არა სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილს, არამედ ჩვენს ცნობიერებაში შემორჩენილი კოლონიალიზმის რეციდივს. ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, ალბათ არ მოიძებნება ბევრი სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდეს როგორც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ბუშის, ასევე ახლახან გარდაცვლილი ჰოლბრუკის სახელობის ქუჩები", - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
ამასთან, მათი შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნაწილს კი არ წარმოადგენს, არამედ იმ ტრადიციის გაგრძელებას, რომლის მიხედვითაც, თბილისში მრავლად იყო სხვადასხვა რუსი რევოლუციონერებისა თუ ცეკას მდივნების სახელობის ქუჩები.
"იმავდროულად, გვსურს შევნიშნოთ, რომ მსოფლიოს ბევრ ქალაქში არსებობს ტრადიცია, რომ გარდაცვლილი ადამიანების სახელებს არქმევენ სხვადასხვა ობიექტებს ან ქუჩებს მხოლოდ გარკვეული წლების გასვლის შემდგომ, მაშინ, როცა სათანადოდ შეფასდება ამა თუ იმ ადამიანის ისტორიული ღვაწლი", - ნათქვამია განცხადებაში.