მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრობაზე უარს ამბობს.
როგორც ბესელია აცხადებს, ის უფლებამოსილების შესრულებაზე უარს იქამდე აცხადებს, ვიდრე გაზე "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული ბადრი ბიწაძის ინტერვიუსთან დაკავშირებული "ყველა გარემოება" არ გამოაშკარავდება.
"არსებულ ვითარებაში, ვფიქრობ სერიოზული საფრხის ქვეშ დგას სახალხო კრების იდეა და ამოცანები, რადგან არსებობს საშიშროება, რომ აღმასრულებელი საბჭო იქცეს მხარედ ოპოზიციურ ფლანგზე გამართული დებატებისა და დაპირისპირებების პროცესში. ამ საფრთხეს აძლიერებს ხსენებულ ინტერვიუში მონათხრობი ფაქტები, რომელიც ეხება სახალხო კრების ერთობაში ქართული პარტიის შემოსვლას და ფულთან დაკავშირებულ გარემოებებს. ეს უმძიმესი ფაქტებია, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების ეჭვებს სახალხო კრების ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებთან იდენტობის თაობაზე", - განუცხადა ბესელიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, "ამ პოლიტიკურ დებატებში ჩართვა და სახალხო კრების გაიგივება რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან, მით უფრო ოპოზიციურ დაპირისპირებაში მყოფ ერთ მხარესთან, ხალხისთვის კრებისადმი უნდობლობის განმაპირობებელი იქნება და კიდევ უფრო მეტი ნიჰილიზმისა და უიმედობის გამომწვევი".
აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიამ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილს წერილობითი ფორმით უკვე მიმართა.