პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ერთადერთი გზა, რომელიც რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ დარჩა, განსახორციელებელი პირდაპირი პოლიტიკური ტერორი და ანგარიშსწორებაა.
"საქართველოს ჰიმნშია სიტყვები: "თავისუფლება დღეს ჩვენი". თავისუფლება დღეს ჩვენი არის მუქარის და საფრთხი ქვეშ... ჩვენ გვიპირისპირდება ძალა, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. მან სცადა უკვე ყველაფერი: სცადა ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო, მაგრამ საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. სცადა უამრავი შეირაღებული პროვოკაციის მოწყობა, დაბომბვები, აფეთქებები, მაგრამ საქართველო არ გადასულა თავისი განვითარების გზიდან. სცადა მასობრივი შიდააშლილობის მოწყობა, პოლიტიკური დესტაბილიზაცია და საქართველოს დემოკრატიულმა პოლიტიკურმა სისტემამ ამასაც გაუძლო და უფრო გაძლიერდა. სცადა ფართომასშტაბიანი ინტერვენცია, რომლის მიზანიც დეკლარირებულად იყო საქართველოს ხელისუფლების დამხობა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბოლოს მოღება და საქართველოს დამონება, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა და ბოლო ხანებში სცადა სხვადასხვა დივერსიის მოწყობა, რომლის გამოძიების საქმეშიც ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ოკუპანტთან თანამშრომლობისთვისაც კი, რაზეც უკმეხი პასუხი მივიღეთ. მოკლედ, რუსეთმა ვერ შეასრულა ვერც ერთი თავისი სტრატეგიული მიზანი საქართველოსთან დაკავშირებით.
ერთადერთი, რაც მას რჩება, არის პირდაპირი პოლიტიკური ტერორტი, პირდაპირი პოლიტიკური ანგარიშსწორება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კურსანტების მიერ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიაზე.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ოკუპანტი ძალის ლიდერი პირადი ღირსების საქმედ მიიჩნევს, რაც საჯაროდაც განუცხადებია.
"ამ ძალის ლიდერმა, ორი წლის წინ, მთელი მსოფლიოს გასაგონად საჯაროდ დაიფიცა, რომ ამას გააკეთებს. ამას ის მიიჩნევს, საკუთარი ღირსების საქმედ", - დასძინა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულზე საქართველოს პასუხი მშვიდად, თუმცა ფხიზლად ყოფნა უნდა იყოს.
"ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად და ჩვენი პასუხი ისტერიულ განცხადებებზე იყოს სიმშვიდე, ცივსისხლიანობა მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვიყოთ ფხიზლად. ჩვენი ვალდებულებაა, რომ არც ერთი მზაკვრული გეგმა არ აღდგეს, არაფერი რაც ძირს გამოუთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას არ განხორციელდეს. ამაზე ერთნაირად ვაგებთ პასუხს მეც და თითოეული თქვენგანიც", - მიმართა ქვეყნის პირველმა პირმა წვევანდელებს.