"დემოკრატიული მოძრაობა" ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის აზრით, ოპოზიციაში ცეცხლი ბადრი ბიწაძემ კი არა ირაკლი ოქრუაშვილმა გახსნა.
"ცეცხლი მე და ბადრი ბიწაძეს არ გაგვიხხნია. ცეცხლი ოქრუაშვილმა გახსნა და გახსნა ბინძურად. სწორედ "ქართულმა პარტიამ დაიწყო სახალხო კრებისთვის ტალახის სროლა", - განაცხადა ბურჯანაძემ გადაცემაში "აქცენტები".
აღნიშნულ კონტექსტში, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი იმასაც ეჭვობს, რომ სახალხო კრების დისკრედიტაციის მიზნით "კონკრეტულ კაბინეტებში სხვა ვიზიტებიც" შეიძლებოდა შემდგარიყო.
"ლევან გაჩეჩილაძე რას ლაპარაკობს არ მაინტერესებს. ეროსი კიწმარიშვილის მხრიდან შავ პიარზე ლაპარაკი, რომლის ავტორიც თავადაა, უხერხულია. რბილად რომ ვთქვათ უხერხულია ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ჩემთვის - ნინო ბურჯანაძისთვის მორალის წაკითხვაც. ისეთი ხალხი მიკითხავს მორალს რომ... უნდა ვიკითხო, მარხვაზე არიან თუ არა და წინა ცოდვები მონანიებული აქვთ თუ არა", - განმარტა მან.
ამასთან, მისივე განმარტებით, ლევან გაჩეჩილაძეს არასდროს ენდობოდა, თუმცა ის რომ თუნდაც 9 აპრილის აქციების დროს მასთან ერთად იდგა, ქვეყნის ინტერესებით იყო განპირობებული.
"გაჩეჩილაძეს მხოლოდ ერთ რამეში ვეთანხმები. მან თქვა ნინო ბურჯანაძე არ შეცვლილაო. დიახ, მე ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ არ შევცლილვარ. როცა ხელისუფლებაში ვიყავი არ ვეთამაშებოდი ოპოზიციას და ახლა, როცა ოპოზიციაში ვარ, არ ვეთამაშები ხელისუფლებას - მასთან არც გარიგებებზე მივდივარ და არც შეხვედრებზე ჩუმად", - განმარტა ბურჯანაძემ.
გარდა ამისა, მისი თქმით, "მიუხედავად გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძისა და ნიკა რურუას მიმართ მისი კრიტიკული დამოკიდებულებისა, ისინი იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც თან ოპოზიციაში არიან და თან ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, გაცილებით ჯობიან".