წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანმა სახელმწიფომ ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ნაურუს ხელისუფლების განცხადებით, ამერიდან ის ტაივანს აღარ განიხილავს დამოუკიდებელ ქვეყნად და ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
თავის მხრივ, "ეროვნული ღირსების დასაცავად", ტაივანმაც გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები და ჩინეთი ნაურუს "ყიდვაში" დაადანაშაულა.
"ჩვენ მოვითხოვთ ნაურუმ დაუყოვნებლივ დახუროს თავისი საელჩო ტაივანში", - თქვა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ნაურუმ ეს გადაწყვეტილება მიიღო ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც პეკინისთვის მიუღებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა.
ტაივანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ პეკინი ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს სთავაზობს ნაურუს.
ნაურუს მთავრობის სპიკერმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
ჩინეთი მიესალმა ნაურუს გადაწყვეტილებას ტაივანთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ.
ამ დროისთვის, ტაივანს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს 12 მოკავშირესთან, რომელთა შორის არიან ვატიკანი, გვატემალა, პარაგვაი, პალაუ, ტუვალუ და მარშალის კუნძულები.
ნაურუ ერთ-ერთია იმ ხუთ სახელმწიფოს შორის, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს აღიარებენ.