"იპოდრომზე შეკრებილი მომიტინგეების გამო მიხეილ სააკაშვილი ძალიან შეშინებული იყო და ისტერიულად გაჰკიოდა, "ტიტანიკზე ვზივართ და ყველანი ვიძირებითო", მაგრამ ლევან გაჩეჩილაძესთან მისი ცნობილი შეხვედრის შემდეგ ის აბსოლუტურად დამშვიდდა", - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "აქცენტებში" განაცხადა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებასთან ლევან გაჩეჩილაძის გარიგების დამადასტურებელი მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს.
"მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას აქვს და თუ დასჭირდა არ გაუჭირდება მისი გამოქვეყნება", - განმარტა ბურჯანაძემ.
რაც შეეხება იმას, მიიღო თუ არა გაჩეჩილაძემ საადგილმამულო ბანკისთვის საჭირო 10-12 მილიონი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს თხოვა, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის განმარტებით, ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, მას თანხის ნაწილი გადაერიცხა.
"მე ცილისწამებას არ ვაპირებ და არ ვიცი, მიიღო თუ არა გაჩეჩილაძემ ჯილდო, მაგრამ როგორც ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, მას თანხის ნაწილი გადაერიცხა", - დასძინა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელიც სააკაშვილი-გაჩეჩილაძის იმ შეხვედრას, რომელზეც გაზეთი "ასავალ-დასავალი" წერდა, თავადაც ესწრებოდა.
ამასთან, ბურჯანაძის თქმით, ის და ბადრი ბიწაძე მზად არიან ამ საკითხზე გამოძიების დაწყების შემთხვევაში ჩვენებაც მისცენ და სასამართლო პროცესზეც გამოცხადდნენ.
"მე მაღალი კვალიფიკაციის იურისტი ვარ და ვიცი, რომ მხოლოდ მოწმის სახით შეუძლიათ დამკითხონ მეც და ბადრი ბიწაძეც. მზად ვარ სასამართლო პროცესზე მივიდე და რაც ვიცი, ვთქვა", - განმარტა მან.