"დემოკრატიული მოძრაობა" ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტსა და ბადრი ბიწაძეს შორის საუბარი ნამდვილად შედგა, თუმცა ის ინტერვიუს ფორმატი არ ყოფილა.
"არ ვსაუბრობ ჟურნალისტიურ თაღლითობაზე, საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ ინტერვიუ სხვა რამეა", - განაცხადა ბურჯანაძემ გადაცემა "აქცენტებში" საუბრისას.
ამასთან, მისივე განმარტებით, ბადრი ბიწაძე იმ ამბის თვითმხილველი, რაზეც "ასავალ-დასავალის" სკანდალურ ინფორმაციაშია საუბარი, არ არის და ლევან გაჩეჩილაძის და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრის დროს არც "მეორე ოთახში" ყოფილა.
"ეს ასე არ არის... დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა აღნიშნული ტიპის ინფორმაცია "ასავალ-დასავალში", თქვენ უახლოეს მომავალში, კონკრეტულად ბადრი ბიწაძის რეალური და ჩამოყალიბებული ინტერვიუდან გაიგებთ", - განმარტა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში "ასავალ-დასავალში" ორი სკანდალური მასალა გამოქვეყნდა. ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას მტკიცებით, ბადრი ბიწაძემ მასთან ინტერვიუში ლევან გაჩეჩილაძე ხელისუფლებისა და კონკრეტულად სააკაშვილისთვის მილიონობით ლარის მოთხოვნაში დაადანაშაულა.