ვიდრე აზერბაიჯანული მიწები ოკუპირებულია, სომხეთი შიშში იცხოვრებს, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ომის ვეტერანებისათვის საცხოვრებელი სახლების გადაცემის ცერემონიალზე.
"ჩვენ ვაძლიერებთ არმიას და იგი ყველაზე ძლიერი და ძლევამოსილია მთელს რეგიონში. უკვე მრავალი წელია ჩვენი მიწები ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ჩვენს წინააღმდეგ განხორციელდა სომხური აგრესია. 1990-იანი წლების დასაწყისში სომხეთმა და მათმა მფარველებმა საზღვარგარეთ ისარგებლეს არასტაბილური ვითარებით, აზერბაიჯანში გამეფებული ქაოსით და ხელში ჩაიგდეს ჩვენი მიწების ნაწილი", _ განაცხადა ალიევმა და დასძინა, "დღეს აზერბაიჯანს ყველაზე მძლავრი სამხედრო პოტენციალი აქვს. დღეს აზერბაიჯანის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პოტენციალის შედარებაც კი არ შეიძლება სომხურთან".
ალიევი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ცდილობს ეს საკითხი მოლაპარაკებების მეშვეობით მოვაგვაროს, მაგრამ არაფერი გამოდის, ამიტომაც, მისი თქმით, აზერბაიჯანი მზად უნდა იყოს ყველა სხვა ვარიანტისათვის. "თუკი მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდება, მაშინ ჩვენი მიწები სამხედრო გზით უნდა გავათავისუფლოთ,"-აცხადებს ალიევი.
"აზერბაიჯანში არსებული ფინანსური შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადავწყვიტოთ. სომხეთის მხარეს ეს, რა თქმა უნდა, ესმის და ანგარიში უნდა გაგვიწიოს. ისინი რომ უკვე შიშში არიან, კარგა ხანია მთელმა მსოფლიომ იცის. ეს რეალობაა და ვიდრე აზერბაიჯანული მიწები ოკუპირებულია, სომხეთი შიშში იცხოვრებს. არავის უნდა, რომ მასზე მეზობელი ცუდად ფიქრობდეს, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს", _ აცხადებს ალიევი და აღნიშნავს: "თუ სომხეთი თავისი ნებით გაიყვანს ჯარს აზერბაიჯანული მიწებიდან, რეგიონში მშვიდობა დამყარდება, მაგრამ, ვიდრე ჩვენი მიწები ოკუპირებულია, სომხეთმა და მისმა ხელმძღვანელებმა უნდა იცოდნენ, რომ აზერბაიჯანელი ხალხი ნებისმიერ მომენტში მზადაა თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს".