დღეს, 24 ნოემბერს, პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს "ღირსების ულტიმატუმს" გადასცემენ.
23 ნოემბერს "თეთრებმა" ვერის ბაღში, მერაბ კოსტავას ძეგლთან, "ღირსების ულტიმატუმზე~ ხელმოწერის ცერემონიალს გამართეს, რომელსაც ღია წერილთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნიან. "ღირსების ულტიმატუმი~ 24 ნოემბერს ჩაჰბარდება საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო პირველ დეკემბრამდე საქართველოში აკრედიტებულ ყველა საელჩოსა და დიპლომატიურ კორპუსს.
"თეთრი მოძრაობის" დამფუძნებელი და თავმჯომარე, თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ "ღირსების ულტიმატუმი" იმ ელემენტარულ საკითხთა ჩამონათვალს შეიცავს, რომელთა შეუსრულებლობის გამო, შელახულია საქართველოს მოქალაქეთა ღირსება და, რომელთა შეუსრულებლობის პირობებში ნებისმიერი მოქალაქისათვისაც კი სირცხვილია იჯდეს სახელისუფლებო კაბინეტში, მით უმეტეს - პრეზიდენტის სავარძელში.
"თეთრების" მოთხოვნათა ჩამონათვალის შესრულებას პრეზიდენტს არა დაუყოვნებლივ, არამედ ეტაპობრივად, თებერვლის ბოლომდე სთხოვს.
"ვიჩენთ სულგრძელ დამოკიდებულებას და ვითხოვთ "ღირსების ულტიმატუმის" არა დაუყოვნებლივ, არამედ თებერვლის ბოლომდე ეტაპობრივად შესრულებას და 5 მარტამდე შედეგების პრესაში გამოქვეყნებას", _ ნათქვამია ღია წერილში და აღნიშნულია, რომ მოძრაობას გადაწყვეტილი აქვს, მარტში ეროვნულ კრებაზე მოხდეს "ღირსების ულტიმატუმის" შესრულების ანალიზი.