საახალწლოდ შესაწყალებელ პატიმართა 218-კაციან სიას, საპატრიარქოს შუამდგომლობის მომზადებული მასალებიც დაემატება.
ამის შესახებ შეწყალების კომისიის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს კომისიის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ განუცხადა.
"იმ 218 პატიმრის საქმის გარდა, რომელიც შეწყალების კომისიამ მოამზადა, დღევანდელ სხდომაზე საპატრიარქოს შუამდგომლობით მომზადებულ მასალებსაც გავეცნობით. რამდენ მსჯავრდებულს გაეწევა შეწყალების რეკომენდაცია, ეს სხდომის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი", - განმარტა თევდორაძემ.
აღსანიშნავია, რომ შეწყალების კომისიის სხდომა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და მას კომისიის 15-ვე წევრი ესწრება.
უკვე ცნობილია, რომ შეწყალების შესახებ რეკომენდაცია მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულ პირებს არ შეეხებათ.
პრეზიდენტის მორიგი შეწყალება საახალწლოდ იგეგმება.