"ლეიბორისტული პარტია" ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარეს ილია II-ის მმართველობაში გადაცემას ისტორიულ გადაწყვეტილებად და უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტად აფასებს.
"წმინდა სინოდის ეს გადაწყვეტილება არის ურყევი დასტური და საფუძველი საქართველოს ურღვევობისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მთლიანობისა", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, კირთაძემ საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრების იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამით საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.
"ვულოცავთ სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 33-ე წელს. ვფიქრობ, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში არცერთ მწყემსმთავარს არ უტარებია ამ ხნის მანძილზე პატრიარქის მძიმე ჯვარი. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია შიოლაშვილის საქართველოს საპატრიარქო დახტზე აღსაყდრებით დაიწყო ახალი ეპოქა ქართველი ერის ისტორიაში _ დაიწყო დიდი ეროვნული მოძრაობა ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გადარჩენისა და განვითარებისათვის; დაიწყო ილია II-ის გვირვინშემკობილი გოლგოთა; დაიწყო ილია II-ის მზიანი ღამე; ღვთის წყალობით დაიწყო და გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ეპოქალური მოღვაწეობა. ასე აფასებს მას თანამედროვეობა, ასე შეაფასებს მას მომავლის ისტორია", - განმარტა კირთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორე საქართველოს პატრიარქად 1977 წლის 25 დეკემბერს აკურთხეს.