25 დეკემბერს, 12:00 საათზე, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, კახა კალაძე "კალა ფონდის" ეგიდით გამართავს მორიგ აქციას, რომლის დროსაც სამტრედიის საფეხბურთო სპორტსკოლის 9-იდან 16-წლამდე ასაკის 100 ბავშვს საჩუქრად გადაეცემა სრული სპორტული ეკიპირება, სადაც შედის სავარჯიშო და სათამაშო ტრუსები, მაისურები, წვივსაფრები, თბილი მოსასხამები, მეკარის მაისურები და ხელთათმანები.
ასევე ყველა მწვრთნელს გადაეცემა შესაბამისი სპორტული კომპლექტი.
ყველა საჩუქარი სპეციალურად სამტრედიის სპორტსკოლისთვისაა დამზადებული, ცნობილიური იტალიური ბრენდის "ერრეას: მიერ. იტალიური "ერრეას" ლოგოიანი მაისურით ბევრი ევროპული კლუბი თამაშობს, მათ შორის იტალიური "ბარი", "ატალანტა", "პარმა", ჰოლანდიური "დენ ჰააგი", ბელგიური "შარლერუა", შოტლანდიური "ჰიბერნიანი", ესპანური "ნუმანსია" და სხვები.
კახა კალაძის "კალა ფონდისათვის" სამტრედიის საფეხბურთო სპორტსკოლის სრული სპორტული ეკიპირებით დასაჩუქრება მორიგი საქველმოქმედო აქციაა, ახლახან "კალა ფონდი" ფინანსურად დაეხმარა აკადემიკოს ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის 30 პატარა პაციენტს.