საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია შეწყალების კომისიას მიმართვას უგზავნის. მიმართვაში აღნიშნულია, რომ დღეს საპატიმროებში ასეულობით პატიმარია, რომელიც უკანონოდ იხდის სასჯელსა და რომელთა გათავისუფლების ყველა პირობა არსებობს.
"საჭიროა მათდამი ადამიანური და სამართლიანი დამოკიდებულების გამოჩენა, მეტი სოლიდარობა და მეტი ჰუმანურობა. პატიმრები იღუპებიან ციხეებში უპატრონობისა და გულგრილობის გამო, მათ შორის ის პატიმრებიც, რომლებიც ელოდნენ ვადაზე ადრე გათავისუფლებას და შეწყალებას. მაგალითად, რატომ არ ხდება გიორგი გორდაძის გათავისუფლება, რომელისაც მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარზე მეტი და მძიმე ავადმყოფია, ეკუთვნის გათავისუფლება და დღემდე არ იხილავს არც ერთი უწყება კანონიერად მის საქმეს, ისევე როგორც ვადაზე ადრე გათავისუფლება ეკუთვნის ბევრ სხვა მსჯავრდებულს. მოგმართავთ, გაათავისუფლოთ ის პატიმრები, რომელთა შეწყალება არამარტო სასურველია, არამედ სამართლიანი და კანონიერია", - ნათქვამია მიმართვაში.