გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მკაფიოდ განაცხადა, რომ გერმანია მზად არის გააგრძელოს უკრაინის სამხედრო დახმარება. „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდება", - აღნიშნა კანცლერმა.
”აშკარაა, ეს ომი ასე სწრაფად არ დასრულდება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში შევძლოთ იმის გაკეთება, რაც საჭიროა, კერძოდ, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა თავდაცვით ბრძოლაში”, - თქვა მან სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, ბერლინში.
შოლცის თქმით, რუსეთმა 2022 წელს უკრაინაზე თავდასხმით მთლიანად გაანადგურა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ურთიერთგაგება. „აუცილებელია სიცხადე, რომ ევროპაში საზღვრების ძალით გადაადგილება აღარ შეიძლება“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.
ამავდროულად, კანცლერმა აღნიშნა, რომ „როცა სხვები ყოყმანს იწყებენ“, გერმანია მზად უნდა იყოს გაზარდოს უკრაინის დახმარება. მედიის ცნობით, შოლცმა იგულისხმა გაურკვეველი პოლიტიკური ვითარება შეერთებულ შტატებში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რამაც კიევისთვის დახმარების ძირითადი ახალი პაკეტი საფრთხის ქვეშ დააყენა.
შოლცმა ასევე აღნიშნა რუსული იმპერიალიზმის ეკონომიკური შედეგები გერმანიისა და სხვა ქვეყნებისთვის. „ვიცით, რომ არის შედეგები, რაც ჩვენზეც აისახება“, - აღნიშნა მან ფასების მატებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ენერგეტიკაზე. ამავდროულად, კანცლერმა გამოთქვა რწმენა, რომ მისმა მთავრობამ მაინც მოახერხა ქვეყნისთვის ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, მიუხედვად იმისა, რომ ეს დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.