უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს და მოუწოდებს არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხზე.
წერილში ორბანი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება ნაადრევია - ამისთვის არასაკმარისია როგორც პოლიტიკური , ასევე, ტექნიკური მომზადების დონე.
უნგრეთის პრემიერი წერს, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესზე ევროკომისიის ბოლო დასკვნა, ევროკავშირის გაფართოების, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დასასრულს ნიშნავს.
"მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს...
მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით", - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში. {რადიო თავისუფლება}