პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ხელმოწერების კამპანიაზე „ჩვენი ხმა ევროპას“ აცხადებს, რომ ხელმოწერების შეგროვება აბსოლუტურად გაუგებარია იმ პირობებში, როცა არსებობს ევროკომისიის დადებითი დასკვნა და 15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე.
„სალომე ზურაბიშვილი რა კამპანიასაც აწარმოებს, ხომ ვიცით, რა არის ამის პოლიტიკური მოტივი, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კამპანიების გაგრძელება. სინამდვილეში, ეს ხომ მთლიანად პოლიტიკური კამპანიაა, სისულელეა ხელმოწერების შეგროვება იმ პირობებში, როდესაც არსებობს ევროკომისიის დასკვნა და ვიცით, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭოს მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რა ხელმოწერებზეა საუბარი, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მორიგი კამპანია და როგორ შეიძლება, ამაში ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობას“ გაუმაგრონ კამპანიები ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებმა. ეს იქნება არასწორი. ამიტომ ბუნებრივია, ეს ადამიანები არ იღებენ მონაწილეობას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შესაბამის კამპანიაში, თან სისულელეა. ანუ, კომისიამ დადო დასკვნა, საბჭო იღებს ერთ კვირაში გადაწყვეტილებას, რა ხელმოწერებაზეა საუბარი? უშინაარსო კამპანია ყოველთვის აფუჭებს საქმეს, რა შუაშია, რა ხელმოწერები, რა შუაშია ეს ყველაფერი, აბსოლუტურად გაუგებარია. მეორე პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს რომ უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და 20 000 ხელმოწერა რომ აქვს შეგროვებული, ეს ხომ აფუჭებს საქმეს? რა თქმა უნდა, აფუჭებს საქმეს, ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი იაფფასიანი, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მორიგი კამპანია, რაშიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.