რუსეთის საპატრიარქო სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისა და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
განაცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან ნინო ბურჯანაძის ინიციატივით გაიმართა, რომელიც მოსკოვში 21 დეკემბერს ქუთაისის დიდების მემორიალის ანალოგის გახნაზე ჩავიდა.
ბურჯანაძესთან შეხვედრის დროს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეხვედრა საქართველოდან ცასულ სტუმართან აუცილებელი და სასურველია, იმის გათვალისწინებით, რომ "აუცილებელია ძალისხმევა არ დავიშუროთ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის უკეთესობისკენ შესაცვლელად".
"მე არ ვსაუბრობ ჩვენი ხალხების ურთიერთობაზე, რადგან არ არის საჭირო, ვინმემ ეს ურთიერთობა უკეთესისა თუ უარესისკენ შეცვალოს. ორი ხალხი გეოგრაფიულად ერთად ცხოვრობს, ერთი ბედით არიან დაკავშირებული, რომელიც ზოგჯერ ტრაგიკულია, ამ გულითადი ურთიერთობის საფუძველში კი ჩვენი საერთო რწმენა დევს", - აღნიშნა კირილიმ.
მისი შეფასებით, დღეს, როცა ორ ქვეყანას შორის არ არსებობს დიპლომატიური და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა, ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობა მაინც აქტიურად ვითარდება.
პატრიარქის თქმით, ნინო ბურჯანაძეთან შეხვედრამდე მან კიდევ ერთხელ გააანალიზა ორი ეკლესიის კონტაქტები, ერთობლივი ღვთისმსახურება და შეხვედრები და დაასკვნა, რომ სახელმწიფოებს შორის ნეგატიური მოვლენების ფონზე, ამგვარი ინტენსიური ურთიერთობა რუსულ ეკლესიას არც ერთ სხვა ეკლესიასთან არ აქვს.
რუსეთის პატრიარქს იმედი აქვს, რომ ქართული და რუსული ეკლესიები ხელს შეუწყობენ რთული ვითარებიდან გამოსვლას.
ასევე იგი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს კავშირების განვითარებას საზოგადოების, კულტურის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს შორის.