ღაზის სექტორში, ალ-შიფას ჰოსპიტალში ისრაელის არმიის მიმდინარე ოპერაციაზე კომენტირებისას, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თეთრ სახლში აკრედიტებულ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმებისა და კომპლექსის შიგნით საბრძოლო მოქმედებების წინააღმდეგია.
„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საჰაერო თავდასხმებს საავადმყოფოზე და არ გვსურს ვიხილოთ სროლა საავადმყოფოში, სადაც იმყოფებიან უდანაშაულო, უმწეო ადამიანები, ავადმყოფები, რომლებიც სამედიცინო დახმარების მიღებას ცდილობენ“, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა. იუწყება Reuters-ი
”საავადმყოფოები და პაციენტები უნდა იყვნენ დაცული”, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი მდებარეობს. თეთრი სახლი და პენტაგონი ამბობენ, რომ "ჰამასი" იყენებს ღაზის უდიდეს საავადმყოფოს იარაღის შესანახად და ოპერაციების მხარდასაჭერად
შეგახსენებთ, რომ ისრაელელი სამხედროები ალ-შიფას საავადმყოფოში შევიდნენ.
ამ დროისათვის არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ღაზის სექტორის უდიდესი ჰოსპიტალური კომპლექსის, ალ-შიფას ტერიტორიაზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საავადმყოფოში დაახლოებით 700 პაციენტი იმყოფებოდა, 400 თანამშრომელი და ასევე 3000 ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც საავადმყოფოს თავს აფარებენ - სულ 4100 ადამიანი.
მანამდე, „ჰამასის’ მიერ კონტროლირებადმა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ალ-შიფაში სულ მცირე 2300 ადამიანი იყო: 600-650 პაციენტი, 200-250 თანამშრომელი და დაახლოებით 1500 ადგილობრივი მცხოვრები.
ისრაელის არმიამ გასულ ღამეს გამოაცხადა, რომ ალ-შიფაში ოპერაციის დაწყებამდე მშვიდობიანი მოქალაქეების გასასვლელად დერეფანი გახსნა.