სამწუხაროდ, ოპოზიციას ბევრი რამ აქვს არეული, მათ შორის კალენდარიც. ყველას კარგად ახსოვს, საარჩევნო ბარიერზე ნათქვამი იყო შარშან, 2022 წლის ივლისში, ეხებოდა 2022 წლის დეკემბერს. ახლა გვაქვს 2023 წელი. კალენდარში უნდა ჩაიხედონ, შარშანდელ თოვლს ნუ ეძებენ წლევანდელ დეკემბერში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის წარმომადგებლების მოთხოვნაზე დაიწიოს საარჩევნო ბარიერი 2 პროცენტამდე , რომლებიც ასევე იხსენებენ ირაკლი კობახიძის განცხადებას - „კანდიდატის სტატუსს დეკემბერში თუ მოგვცემენ, არჩევნები 2-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, 5 პროცენტი არის ადეკვატური ბარიერი, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში კონსტიტუციაში უკვე წლებია, წერია.
„ყველას მოვუწოდებ, გადაშალოს კალენდარი და დაფიქრდეს, რა განსხვავებაა 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის დეკემბერს შორის. ალბათ ამოიკითხავს პასუხს ამ მარტივ კითხვაზე. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათქვამი იყო მარტივი სიტყვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2022 წლის დეკემბერში იქნებოდა პოზიტიური გადაწყვეტილება – და ამას ხომ თავისი შინარსი ჰქონდა, აქ საკითხი იყო არა ბარიერზე, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება და კანდიდატის სტატუსი დაწევდა პოლარიზაციას, დაწეული პოლარიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა კიდევ ამაზე ფიქრი. საერთო ჯამში ჩვენ ვნახეთ ჯანჯღარის ერთი დამატებითი წელი და მომავალი წელი რა მოგველის, შევხედოთ. მგონი, ოპოზიციას არაფერი ეტყობა, რომ ისინი მზად არიან, რადიკალური დღის წესრიგიდან გადავიდნენ. 5 პროცენტი არის ადეკვატური ბარიერი, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში, მათ შორის კონსტიტუციაში უკვე წლებია, წერია და მოწონებული არის საერთაშორისო დონეზეც. ვენეციის კომისიის დასკვნაც არსებობს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ახლა მათხოვრობა იმაზე, რომ დაიწიოს ბარიერი, მგონი, შეუსაბამოა. პარტიებს თუ აქვთ პრეტენზია, რომ წარმოადგენენ ხალხს და უნდათ, ქვეყანა მართონ, იმის იმედიც უნდა ჰქონდეთ, რომ რამდენიმე ათას ხმას მიიღებენ. პრობლემები ეძებონ საკუთარ თავში. წინ კიდევ არის ერთი წელი, არის დრო, ნაცვლად იმისა, რომ ყოველ ჯერზე„ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ იყვნენ, გამოიჩინონ ინდივიდუალობა, ნაცვლად იმისა, რომ გაემიჯნონ ერთმანეთს, გაერთიანდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.