ღაზის სექტორში სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება, - აცხადებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში.
კომიტეტმა მოუწოდა, „დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზაში, რომლებიც ჩარჩენილი არიან, მიუხედავად იმისა, ისინი ცდილობენ ევაკუაციას თუ ადგილზე დარჩენას“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბრძოლები ისრაელის ძალებსა და „ჰამასს“ შორის დასახლებულ რაიონებში და საავადმყოფოების სიახლოვეს მიმდინარეობს.
„ჩვენს თვალწინ აუტანელი ადამიანური ტრაგედია ვითარდება“, - აცხადებს წითელი ჯვარი.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში განაცხადეს, რომ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც რაიონში შედის, ძირითადად არასაკმარისია და მოსახლეობას არ აქვს ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორებიცაა საკვები, წყალი და ჰიგიენის საშუალებები.
ამავდროულად, ღაზის სექტორის სამხრეთი ნაწილი, სადაც პალესტინელები გარბიან, რათა თავი დააღწიონ საბრძოლო მოქმედებებს, მზად არ არის ლტოლვილების ნაკადებისთვის.