ბათუმის პროკურატურის ინიციატივით, 19 წლის გია ვარდმანიძე დღეიდან საამშენებლო კომპანია "ორბი-ანაგში" იმუშავებს. პრობაციონერი გია ვარდმანიძე აჭარის მკვიდრია, ის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ყოროლისთავში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. გია ვარდმანიძე სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მესამე ნაწილით არის ნასამართლევი და აქვს პირობითი მსჯავრი ორი წლის გამოსაცდელი ვადით.
ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ გაითვალისწინა გია ვარდმანიძის მძიმე სოციალური მდგომარეობა და მას დასაქმების შესაძლებლობა მისცა, რაც ვარდმანიძეების მრავალსულიანი ოჯახისათვის შემოსავლის წყარო გახდება. 23 დეკემბრიდან გია ვარდმანიძე ბათუმის სამშენებლო კომპანია "ორბი-ანაგში" იმუშავებს და მისი ანაზღაურება 450 ლარი იქნება. პირველ სამუშაო დღეს მშენებლობაზე გია ვარდმანიძე ბათუმის რაიონულმა პროკურორმა ავთანდილ კილაძემ პირადად მიიყვანა.
საქართველოს პროკურატურა პრობაციონერი ახალგაზრდების დასაქმებას, მათ რესოციაიზაციას პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში ახორციელებს. პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის გააქტიურება, არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი გზიდან არიდება და მათთან მჭიდრო კავშირით მოზარდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე პროკურატურის გამჭირვალობის გაზრდა, სამართალდამცველი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.