ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს „ჰამასი“ და არა ისრაელი. მან ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე სრული პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰამასს“ დააკისრა.
ნეთანიაჰუ გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომლის თანახმად, მაკრონი ისრაელს მოუწოდებს „შეწყვიტოს ბავშვების, ქალებისა და მოხუცების მკვლელობა“.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის არმია ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას იმ ტერიტორიებიდან, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, ხოლო „ჰამასი“ მათ იყენებს ცოცხალ ფარად.
ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ჰამასის დანაშაულები ღაზაში, შესაძლოა, მალე განმეორდეს პარიზში, ნიუ იორკსა და მთელ მსოფლიოში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ისრაელს შეწყვიტოს ღაზის სექტორის დაბომბვა და ამასთან, აღნიშნა, რომ პარიზი კატეგორიულად გმობს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებს.